top of page

მომავალს ვალაგებთ ახალ წლამდე და შემდეგაც, რათქმაუნდა...

  • Dec 13, 2025
  • 1 min read

Updated: Dec 13, 2025


ახლა, სანამ კალენდარზე კიდევ ერთ ფურცელს ჩამოვხევთ და არა მარტო თვეს, არამედ მიმდინარე წელს გავაცილებთ, ვფიქრობ, დროულია გადავხედოთ ჩვენს შესაძლებლობებს, გეგმებს თუ მიზნებს და ახალი წლის დასაწყებად საკუთარ თავთან დავდოთ პირობა - რას გავაკეთებთ იმაზე უკეთ, ვიდრე აქამდე  ვაკეთებდით. 

 

მართალია, გაურკვევლობის ბურუსით მოცულ პერიოდში გვიწევს გზის გაკვალვა და არც თუ ისე მშვიდ გარემოში ცხოვრება; ამის გამო ხშირად, შფოთი, სტრესი, დაძაბულობაც შეიძლება მოგვეძალოს.  და მაინც, რეალობასთან თვალის გასწორება, ჩვენს საზრისში ჩაღრმავება და სამომავლო პერსპექტივის უფრო მკაფიოდ დანახვა, რაღაცნაირად უხდება წინასაახალწლო განწყობას.

 

სამოტივაციოდ ერთ საინტერესო მიგნებას გაგიზიარებთ, რაც უკვე კარგა ხანია მეხმარება გავნთავისუფლდე უაზრო ფორიაქისგან: ძილის წინ შემოვიკრებ ხოლმე პოზიტიურ აზრებს, გამოვხატავ მადლიერებას ყველაფრისადმი, რაც გამაჩნია, შევაჯამებ განვლილ დღეს და ვიძინებ მეორე დღისთვის გასაკეთებელი გეგმით. ეს მაძლევს მუხტს დილაადრიანად გავიღვიძო მიზნის მისაღწევი ქმედების სურვილით.

 

ამ რუტინას ზურგს უმაგრებს ცვლილებებათა მართვის ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი - უმტკივნეულოდ გავუშვათ, რაც გასაშვებია ანუ წარსული დავტოვოთ წარსულში. შემოვინახოთ, რა გვჭირდება მცირედი ნაბიჯებით სათანადო შედეგების მისაღებად და რაც მთავარია, მომავალი პრიორიტეტულად დაალაგოთ გონების „თაროებზე“. ნებისყოფის განსამტკიცებლად პირადი პასუხისმგებლობით ეს რიტუალი ყოველი კვირის, თვისა თუ წლის შემაჯამებელი ანგარიშვალდებულების სახასიათო შტრიხად გარდავქმენი. ჰოდა, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შინაგანი ბედნიერების განცდა აღმოვაჩინე, რომელსაც რაიმე მზა რეცეპტი არ აქვს. სხვათაშორის, არც ზოგადი ფორმულა ან თეორიული გათვლები არ სჭირდება.    

 

მარტივი ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ გააბა უხილავი ძაფი გულსა და გონებას შორის, ისიამოვნო, ერთი შეხედვით, თითქოს უმნიშვნელო მომენტებითაც კი, შინაგანად იგრძნო თავისუფლების ძალა და ის მოცემულობა, რომ შენი ცხოვრების რეჟისორი თავად შენ ხარ.  

 

მოკლედ, ის-ღა დაგვრჩა, რომ შემოვუძახოთ საკუთარ თავს, გავამხნევოთ ერთმანეთი, თამამად გადავდგათ ნაბიჯი წინ და სრულად გავითავისოთ მაჰათმა განდის ცნობილი გამონათქვამი „გავხდეთ ცვლილება, რაც გვსურს, რომ დავინახოთ სამყაროში“. 

 

გაგრძელება იქნება...



 

ბლოგის ავტორია: მაკო ჯაოშვილი, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი

სტრატეგიული კომუნიკაციის პროფესიონალი

 
 
bottom of page